ალაზნისთავი თუშეთის ულამაზესი ისტორიულ-გეოგრაფიული ადგილია, სადაც თუში მეცხვარეები ცხვარს ოდითგან აძოვებდნენ. გეოგრაფიულად ალაზნისთავი გომეწრის ხეობას მიეკუთვნება. თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრიდან - სოფელ ომალოდან - ალაზნისთავამდე 35 კილომეტრია, საიდანაც 20 კმ. სოფელ კოკლათამდე მიმავალი გრუნტიანი სამანქანო გზაა, ხოლო კოკლათიდან 15 კმ. - საცალფეხო, საცხენე, ბილიკია, რომლის გავლით ვადგებით გაშლილ ხეობას, საიდანაც მთა ბორბალოს (3134მ) აღმოსავლეთი კალთების ჩათვლით მდებარე ტერიტორიას ალაზნისთავს ეძახიან.
ალაზნისთავი ალაზნის სათავეს ნიშნავს, ვინაიდან მთა პატარა ბორბალოს აღმოსავლეთ ფერდობიდან სათავეს იღებს მდინარე თუშეთის ალაზანი (59 კმ).
კოოპერატივ “ალაზნისთავის” საწარმოდან რაც უფრო ზემოთ შევუყვებით მდინარეს, ხეობა უფრო იშლება, მდინარის კალაპოტი ფართოვდება და უკვე ზედა ნაწილში, სანამ ბორბალოს მთის ფერდებს მივადგებით, თვალწინ გვეშლება ულამაზესი, სიმწვანეში ჩაფლული, გაშლილი ხეობა, შთამბეჭდავი პანორამული ხედებით. აქედან მდინარის მარჯვენა მხარეს იწყება ბილიკი, რომელიც ალაზნისთავიდან საყორნის უღელტეხილის და რკინის მთის გავლით კახეთში ჩადის. ხოლო თუ მდინარის პირას ბილიკს ზემოთ, დიდი ბორბალოს მთისკენ (3294მ) შევუყვებით, ბილიკი იყოფა და ერთი ბილიკი ფშავის მიმართულებით, ხოლო მეორე - ანდაქის უღელტეხილის გავლით ხევსურეთში ჩადის.
ეს ბილიკები არასრული ჩამონათვალია იმ ტურისტული მარშრუტებისა, რომლებიც ალაზნისთავზე გადის და, უმეტესწილად, ველურ გარემოში მოლაშქრე, სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარული დამთვალიერებლების და ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს.