პროდუქტის აღწერა
ტრადიციული თუშური გუდის ყველი- დოვნა მზადდება თუშეთში, ცხვრის და ძროხის ნედლი რძის ნარევით (50%-50%), მაისიდან აგვისტოს თვის ჩათვლით.
დოვნა ამოჰყავთ ახლად მოწველილი ნედლი რძისაგან, რომელიც იფილტრება ორმაგ საწურში ჩაფენილ სხვადასხვა სამკურნალო ბალახეულობებით: ჭინჭარი, ჭინჭრისდედა და ვაციწვერა. გაწურვის შემდგომ, რძეში ისხმება სპეციალურად წინასწარ მომზადებული კვეთი და სითბოს შესანარჩუნებლად ნარევს აფარებენ ნაბადს. ერთი საათის შემდეგ უკვე შედედებულ მასას ურევენ ხელმეორედ, დაშლიან და ნახევარი საათით აჩერებენ ნაბდით დათბუნებლად. ამის მერე ამოწურავენ ჭურჭელში ჩამდგარ სითხეს, დარჩენილ რბილ ყველს კი დაჭრიან და ჩადებენ სპეციალურ ტილოს პარკში, რის საშუალებითაც ყველი კარგად გაიწურება და მრგვალი ცილინდრული ფორმა მიეცემა.
ტილოში გადახვეულ, გამოყვანილ ყველის თავს დებენ საყველე ფიცარზე და აფარებენ ნაბადს 2 საათით, რის შემდეგაც ყველი გადააქვთ წინასწარ გამზადებულ გუდაში. გუდაში ათავსებენ 4 - 5 თავ ყველს და მათ შორის ფენებად ყრიან მარილს. უკვე გამზადებული ყველის გუდა გადააქვთ საყველე ოთახში და სითბოს შესანარჩუნებლად 2 დღე ისევ აფარებენ ნაბადს. იმისათვის, რომ ახალ ყველს მარილი თანაბრად გაუჯდეს, რამდენიმე დღის განმავლობაში დღეში სამჯერ აბრუნებენ და უცვლიან ფორმას.
ყველი “დოვნა” გადის მომწიფების, მინიმუმ 60-დღიან პერიოდს გუდაში, ამ ვადის გასვლის შემდეგ მზადაა სარეალიზაციოდ. გემო - ცხარე სპეციფიკური, პიკანტური, განსაკუთრებული სასიამოვნო არომატით.
დოვნა ადგილის სახელია. „ალაზნისთავის“ წევრებმა გომეწრის ხეობის მშობლიური სოფლის, საქართველოს მთის არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლის - დოჭუს მიმდებარე ტერიტორიის სახელი უწოდეს, გუდის ყველის ამ სახეობას.