პროდუქტის აღწერა
ტრადიციული თუშური გუდის ყველი- “ლარტუშო”, მზადდება თუშეთში, ძროხის ნედლი რძისაგან, მაისიდან სექტემბრის თვის ჩათვლით.
“ლარტუშო” ამოჰყავთ ახალმოწველილი ნედლი რძისაგან, რომელიც იფილტრება ორმაგ საწურში ჩაფენილ სხვადასხვა სამკურნალო ბალახეულობებით: ჭინჭარი, ჭინჭრისდედა და ვაციწვერა. გაწურვის შემდგომ რძეში ისხმება სპეციალურად წინასწარ მომზადებული კვეთი და სითბოს შესანარჩუნებლად ნარევს აფარებენ ნაბადს. ერთი საათის მერე, უკვე შედედებულ მასას ურევენ ხელმეორედ, დაშლიან და ნახევარ საათს აჩერებენ ნაბდით დათბუნებლად. ამის შემდეგ ამოწურავენ ჭურჭელში ჩამდგარ სითხეს, დარჩენილ რბილ ყველს კი დაჭრიან და ჩადებენ სპეციალურ ტილოს პარკში, რის საშუალებითაც ხდება ყველის კარგად გაწურვა და მრგვალი ცილინდრული ფორმის მიეცემა. უკვე ტილოში გადახვეულ, გამოყვანილ ყველის თავს დებენ საყველე ფიცარზე და აფარებენ ნაბადს 2 საათით, რის შემდეგაც ყველი გადააქვთ წინასწარ გამზადებულ გუდაში. გუდაში ათავსებენ 4 - 5 თავ ყველს და მათ შორის ფენებად ყრიან მარილს, შემდეგ გუდა გადააქვთ საყველე ოთახში და სითბოს შესანარჩუნებლად 2 დღე ისევ აფარებენ ნაბადს. იმისათვის, რომ ახალ ყველს მარილი თანაბრად გაუჯდეს, რამდენიმე დღის განმავლობაში დღეში სამჯერ აბრუნებენ და უცვლიან ფორმას.
ყველი “ლარტუშო” გადის მომწიფების მინიმუმ, 60-დღიან, პერიოდს გუდაში და ამ ვადის გასვლის შემდეგ მზადაა სარეალიზაციოდ. გემო - მსუბუქადცხარე, მომჟავო, პიკანტური, ზომიერად მარილიანი.
“ლარტუშო” - ადგილის სახელია. კოოპერატივ „ალაზნისთავის“ წევრებმა გომეწრის ხეობის მშობლიური სოფლის, საქართველოს მთის არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლის - დოჭუს ზამთრის საბოსლო საცხოვრებელი ადგილის სახელი უწოდეს გუდის ყველის ამ სახეობას.