პროდუქტის აღწერა
ტრადიციული თუშური გუდის ყველი - სვილობი, მზადდება თუშეთში, ცხვრის ნედლი რძისაგან, მაისიდან აგვისტოს თვის ჩათვლით.
სვილობი ამოჰყავთ ახლად მოწველილი ნედლი რძისაგან, რომელიც იფილტრება ორმაგ საწურში ჩაფენილ სხვადასხვა სამკურნალო ბალახეულობებით: ჭინჭარი, ჭინჭრისდედა და ვაციწვერა. გაწურვის შემდგომ რძეში შეაქვთ სპეციალურად წინასწარ მომზადებული კვეთი და სითბოს შესანარჩუნებლად ნარევს აფარებენ ნაბადს. ერთი საათის შემდეგ უკვე შედედებულ მასას ურევენ ხელმეორედ, დაშლიან და ნახევარი საათი აჩერებენ ნაბდით დასათბუნებლად. ამის მერე ამოწურავენ ჭურჭელში ჩამდგარ სითხეს, დარჩენილ რბილ ყველს კი დაჭრიან და ჩადებენ სპეციალურ ტილოს პარკში, რის საშუალებითაც ყველი კარგად იწურება და მრგვალი ცილინდრული ფორმა მიეცემა. ტილოში გადახვეულ, გამოყვანილ ყველის თავს დებენ საყველე ფიცარზე და აფარებენ ნაბადს 2 საათით, რის შემდეგაც ყველი გადააქვთ წინასწარ გამზადებულ გუდაში. გუდაში ათავსებენ 4 - 5 თავ ყველს და მათ შორის ფენებად ყრიან მარილს. ყველის გუდა გადააქვთ საყველე ოთახში და სითბოს შესანარჩუნებლად 2 დღე ისევ აფარებენ ნაბადს. იმისათვის, რომ ახალ ყველს მარილი თანაბრად გაუჯდეს, რამდენიმე დღის განმავლობაში დღეში სამჯერ აბრუნებენ და უცვლიან ფორმას.
ამის შემდგომ, ყველი გადის მომწიფების, მინიმუმ 60-დღიან, პერიოდს გუდაში და ამ ვადის გასვლიდან იგი მზადაა სარეალიზაციოდ.
ცხვრის გუდის ყველი “სვილობი” გამოირჩევა ცხარე სპეციფიკური, პიკანტური გემოთი და განსაკუთრებულად სასიამოვნო არომატით.
“სვილობი” - ალაზნისთავში მდებარე მთის სახელია, რომლის ჩრდილოეთ კალთაზეც მდებარეობს ალაზნისთავის საწარმო და საძოვარი იალაღები.
„სვილი“ ქართული ენის მთის კილოებში უძველესი პურეული კულტურის - ჭვავის აღმნიშვნელია. თუშური გუდის ყველის მწარმოებელი კოოპერატივ „ალაზნისთავის“ წევრებმა გომეწრის ხეობის მშობლიური სოფლის, საქართველოს მთის არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლის - დოჭუსა და ამავე ხეობის ულამაზესი ადგილის ალაზნისთავის შემოგარენის სახელები უწოდეს მათი ნაწარმი პროდუქციის (გუდის ყველის) სამივე ნიმუშს.