თუშეთი

საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და ისტორიული მაღალმთიანი კუთხე - თუშეთი მდებარეობს კახეთის რეგიონში,  კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით. თუშეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ჩეჩნეთი, აღმოსავლეთით – დაღესტანი (ორივე რუსეთის ფედერაცია), სამხრეთითა და დასავლეთით კი საკუთრივ საქართველოს კუთხეები – კახეთი, ფშავი და ხევსურეთი. საერთო ფართობი 825 კვ. კმ. ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილია მწვერვალი თებულოს მთა (4492 მ), ყველაზე დაბალი (1490 მ) – მდინარე თუშეთის ალაზანი დაღესტნის საზღვართან.

მაღალი ქედებითა და მწვერვალებით გარშემორტყმული თუშეთი დაღარულია უამრავი ხევით, რომელთაგან ჩამონადენი წყლები ორ მთავარ მდინარეში - პირიქითისა და გომეწრის (თუშეთის) ალაზნებში ჩაედინება. ორივე ალაზანი სოფელ შენაქოს მახლობლად ერთდება და  შემდგომ გაედინება დაღესტანში „თუშეთის ალაზნის“ სახელით, სადაც მას „ანდის ყოისუს“ უწოდებენ.

გეოგრაფიული იზოლაციის და ისტორიული ცენტრებიდან დაშორების გამო, გვიან შუა საუკუნეებამდე თუშეთისა და თუშების შესახებ არცთუ ბევრი ისტორიული ცნობა გვხვდება. მაგრამ ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის დიდი მეცნიერი კლავდიოს პტოლემაიოსი თავის ”გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში” კავკასიის მთებში მცხოვრებ ”დიდურებსა” და ”ტუსკებს” ახსენებს. მიჩნეულია, რომ ეს ისტორიულ წყაროებში თუშების პირველი მოხსენიებაა. არქეოლოგიური მასალის, ქართულ ისტორიულ-ლიტერატურული წყაროებისა და ზეპირსიტყვიერების მონაცემთა საფუძველზე უკვე IV საუკუნიდან დასტურდება საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში  თუშეთის უწყვეტი ყოფნა და იქ ქართული ცხოვრების არსებობა.

თუშეთის მცენარეულობა ენდემიზმის საოცრად მაღალი დონით ხასიათდება. აქაური ფლორის 230 წარმომადგენელი კავკასიის ენდემია (რაც კავკასიის ენდემთა საერთო რაოდენობის 20 პროცენტზე მეტია).  ასევე დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულ ცხოველთა და ფრინველთა ჩამონათვალი:  ჯიხვი, არჩვი (ფსიტი), ნიამორი, კეთილშობილი ირემი, მურა დათვი, მელა, როჭო, არწივი, შურთხი, ბატკანძერი და სხვა.

თუშეთი ისტორიულად ოთხ ძირითად თემად იყოფოდა. პირიქითი, გომეწარი, წოვათა და  ჩაღმა. თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრი – ომალო ჩაღმის თემს მიეკუთვნება. თუშეთში მიმავალი სამანქანო გზა კახეთიდან, სოფელ ფშაველიდან იწყება და საქართველოს ყველაზე მაღალი საავტომობილო გადასასვლელის – აბანოს უღელტეხილის (2950 მ) გავლით ომალოში ადის. აბანოს უღელტეხილი წლის მანძილზე მხოლოდ რამდენიმე თვე ფუნქციონირებს და ამ დროის მანძილზეც გამუდმებით იწმინდება მეწყერებისა და კლდეთა ნაშალისაგან.

თუშეთში კახეთიდან მოხვედრა ქვეითად, ცხენით, მაღალი გამავლობის  ავტოტრანსპორტით ან ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

უკანასკნელ წლებში თუშეთში ფართოდ გავრცელდა სხვადასხვა ტურისტული მიმართულებები, კერძოდ  სათავგადასავლო ტურიზმის  და აგროტურიზმის სახეობები. ეტაპობრივად ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისები, ასევე ყოველწლიურად მატულობს ქართველი და სხვადასხვა ეროვნების ვიზიტორთა რაოდენობა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გომეწრის ხეობაში, „ალაზნისთავის“ საწარმოზე გადის 3 მთავარი ტურისტული მარშრუტი, რომლებიც თუშეთს კახეთთან, ფშავთან და ხევსურეთთან  აკავშირებს.

ვებ-გვერდი მომზადდა ევროკავშირის, ოქსფამ საქართველოს და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" მხარდაჭერით. ვებ-გვერდი შინაარსზე პასუხისმგებელია კოოპერატივი ალაზნისთავი და მასში გამოთქმული მოსაზრებები არ უნდა იქნეს მიჩნეული ევროკავშირის, ოქსფამ საქართველოსა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" მოსაზრებებად